დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AMTEJ
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 04 ოქტ 2016

მედიის განვითარების ფონდი პარტია “ქართული ოცნების” მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსების დროს დაშვებული სავარაუდო უზუსტობის გამო განცხადებას ავრცელებს

2016 წლის 3 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში "წინასაარჩევნო მედია გარემო”, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საარჩევნო კამპანიის მიზნით პოლიტიკური სუბიექტების მიერ 8 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით მედიაში გაწეულ ხარჯებსაც ასახავს. ანგარიშში მითითებული მონაცემები ეყრდნობა გენერალური აუდიტის სამახურისთვის საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებს.

4 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდს რამდენიმე ონლაინ და ბეჭდვითმა გამოცემამ მიმართა, რომლებმაც განაცხადეს, რომ 8 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ანგარიშში მითითებული თანხა სარეკლამო მიზნით პარტია "ქართული ოცნებისგან” მათ მხოლოდ ნაწილობრივ მიიღეს. 

ჩვენ დამატებით მოვიძიეთ მასალები და ვთვლით, რომ დეკლარაციის შევსების დროს ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ დაუშვა უზუსტობა, როდესაც კანონით დადგენილ 3 კვირიან პერიოდში  გაწეული ხარჯების ნაცვლად, ანგარიშგების ფორმებში განსხვავებული მონაცემები (სრული სერვისის ღირებულება) მიუთითა. 
მედიის განვითარების ფონდი დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას და კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ პარტიათა ფინანსური ანგარიშგების ფორმებსა და ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს კანონის 32   მუხლის, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის  2016 წლის 5 მაისის ბრძანების (№2915/21)  მე-5 მუხლის მიხედვით,  არჩევნების დანიშვნის დღიდან სამ კვირაში ერთხელ ყველა პარტია, რომლიც არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს  ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით.

აუდიტის სამსახურს კანონისა და  აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის N2915/21 ბრძანების1  საფუძველზე შემუშავებული აქვს სპეციალური ინსტრუქცია , სადაც მკაფიოდ არის მითითებული, თუ რა პერიოდის ფინანსურ მონაცემებს უნდა ასახავდეს სამკვირიანი საარჩევნო პერიოდის დეკლარაციები და როდის უნდა იყოს წარდგენილი. კერძოდ: 

  •  მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით ინფორმაცია - 1 ივლისს; 
  •  29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ინფორმაცია - 22 ივლისს; 
  •  20 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ინფორმაცია - 12 აგვისტოს; 
  •  10 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ინფორმაცია - 2 სექტემბერს;
  •  31 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია - 23 სექტემბერს;
  •  21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - 12 ოქტომბერს;
  •  8 ივნისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - 26 ოქტომბერს (იმ საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით" დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა)
  •  8 ივნისიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია - არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა).

შესაბამისად, ყოველი საანგარიშო სამკვირიანი პერიოდის გასვლის შემდეგ,  საარჩევნო სუბიექტს ევალება წარადგინოს მონაცემები ამ 3 კვირის ფინანსური ინფორმაციის შესახებ. ამ მონაცემების ერთიანად დაჯამებას კი თავად აუდიტის სამსახურის ფორმა #5-იც ითვალისწინებს, სადაც ჯამურად არის მითითებული კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში (3 კვირა) პარტიის მიერ გაწეული მთლიანი ხარჯები. სწორედ ეს ოფიციალური მონაცემები აისახა მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ცხადია, ჩვენ დამატებით მივიღებთ ზომებს, რომ დავადგინოთ სრული სურათი. ამისათვის მივმართავთ აუდიტის სამსახურს, შეისწვალოს პარტია "ქართული ოცნების” მიერ შევსებული დეკლარაციების სიზუსტის საკითხი და შედეგებს ვაცნობებთ საზოგადოებას.

_____________________________________________
1. „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ"
უკან