დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XZPJO
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 22 აგვ 2025

“მედიის განვითარების ფონდის” სამართლებრივი პასუხი რაჟდენ კუპრაშვილს - რატომ არის ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები უკანონო

მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2025 წლის 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროდან მიღებულ მორიგ წერილს პასუხობს და სამართლებრივად ასაბუთებს, თუ რატომ არის აღნიშნული უწყების მიერ დაწყებული ინსპექტირების პროცესი უკანონო, ხელისუფლების მიერ წარმოებული რეპრესიული ქმედებების გაგრძელება, რატომ არ ეხება  ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონი ჩვენს ორგანიზაციას და რატომ არის აბსურდული მტკიცება, თითქოს კანონი ამერიკული FARA-ს ანალოგიურ პრაქტიკას ამკვიდრებს. 


უცხოური დაფინანსების მიღების უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებასთან აპრიორი გაიგივება და ბუნდოვანი სამართლებრივი შინაარსის მქონე „ინსპექტირების" დაწყება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი კრიტიკული განცხადებების, ასევე, ორგანიზაციის ხელმძღვანელის საერთაშორისო ღონისძიებებზე და საქართველოს მედიაში გაკეთებული განცხადებების გამო, MDF-ის წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ეტაპზე მეტყველებს და მიზნად ისახავს: 

  • საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობას, 

  • ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის კრიტიკული შეფასებების გამო MDF-ის დასჯას, 

  • MDF-ის  თანამშრომლებზე შურისძიებას,

  • და ორგანიზაციის საქმიანობის უკანონო შეჩერებას.

მედიის განვითარების ფონდი ანტიკორუფციული ბიუროსთან გაგზავნილ წერილში ხაზს უსვამს, რომ MDF-ის საქმიანობა, რომლისთვისაც ორგანიზაცია ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების და სხვა დასავლური დონორების დაფინანსებას იღებს, გამჭვირვალეა და ემსახურება მხოლოდ და ექსკლუზიურად საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და თანხვედრაშია კანონმდებლობასა და პოლიტიკის დოკუმენტებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მიზნებთან. მაგალითად: 

  • MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამა, საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული სასწავლო გეგმით, საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიითა და პოლიტიკის სხვა დოკუმენტებით პრიორიტეტულად მიჩნეული მედიაწიგნიერების სწავლების ხელშეწყობას და საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას ემსახურება. 

  • MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამების ბენეფიციარები საქართველოს მოქალაქეები - ახალგაზრდები (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები) პედაგოგები, მასწავლებელთა პროფესიული პროგრამის მონაწილე სტუდენტები, ასევე, მედიაწიგნიერების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მარეგულირებელი უწყების - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტრენერები არიან. მხოლოდ 2017-2025 წლებში MDF-ის მედიაწიგნიერების ტრენინგებში 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 4000-მდე ახალგაზრდა და 1000-მდე მასწავლებელი. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც MDF-მა აკადემიურ სივრცეში 2019 წლიდან დანერგა, 150-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.

  • MDF-ის მომზადებული საგანმანათლებლო რესურსები აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის (სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, პროფესიული ორგანიზაციები) მედიაწიგნიერების სწავლებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია, რაზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შექმნილ ვებ-პორტალზე განთავსებული MDF-ის სახელმძღვანელოებიც მეტყველებს.  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავებულ სახელმძღვანელოში  "მედიაწიგნიერების  გაკვეთილები”, რომელიც ფორმალურ განათლებაში აღნიშნული საგნის ინტეგრირებას ისახავს მიზნად, MDF-ის მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები გამოყენებულ ლიტერატურაშია რეფერირებული.

  • პანდემიის დროს, კოვიდ-19-ის პრევენციასა და რეაგირების პროცესში, MDF კომუნიკაციის ეროვნულ კომისიასთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში  სკოლებში მედიაწიგნიერების აქტივობებს ახორციელებდა, რა დროსაც საქართველოს 30 ქალაქში 900 სკოლის მოსწავლე, 118 პედაგოგი და 140 მშობელი დატრენინგდა, ხოლო პედაგოგები მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსებით აღიჭურვნენ.

  • პანდემიის დროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების შესუსტების მოტივით არსებულ ინფოდემიასთან გამკლავების მიზნით, MDF დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანდაცვის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობდა, რაც საზოგადოების დროულ და სწორად ინფორმირებას ისახავდა მიზნად.

  • დეზინფორმაციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტებშიც არის აღიარებული. ამ მიმართულებით საქმიანობა MDF-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც საზიანო ინფორმაციის იდენტიფიცირებას, გამოვლენას, გამოყენებული მეთოდების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირების გზით მისი  მედეგობის განმტკიცებას უწყობს ხელს. MDF-ის მიერ ჩატარებული კვლევები და გამოძიებები, არა მხოლოდ მტრული სახელმწიფოს მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს ამხელს, არამედ ადგილობრივი აქტორების მიერ წარმოებულ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასაც იკვლევს, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების ინფორმირება და საინფორმაციო სივრცის მავნე ზეგავლენებისგან დაცვაა, რათა მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცეთ. 

მედიის განვითარების ფონდი ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს: 

  • შეწყვიტოს რეპრესიული ღონისძიებები ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს, დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებასა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების დევნას;
  • ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

წერილის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე

უკან