განცხადებები
EFCSN სოლიდარობას უცხადებს თავის ქართველ წევრებს — მითების დეტექტორს (MDF-ის პროექტი), ფაქტ მეტრს (GRASS) და GeoFacts-ს — მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მცდელობების დაძლევის საქმეში.
2025 წლის 25 ივნისი — 2025 წლის 19 ივნისს, ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) წევრმა, მედიის განვითარების ფონდმა (MDF), რომელიც საქართველოშია დაფუძნებული, მიიღო სასამართლოს განჩინება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წამოწყებული გამოძიების შესახებ. ბიურო ორგანიზაციას დიდი მოცულობის ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, მათ შორის ბენეფიციარებისა და პარტნიორების სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს. მიზანში ამოღებულია მინიმუმ ხუთი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში — როგორც Amnesty International აცხადებს, ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლიერებს ხელისუფლება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე ზეწოლას ქვეყანაში.
EFCSN სოლიდარობას უცხადებს თავის წევრებს — მედიის განვითარების ფონდს (MDF), ფაქტ მეტრს (GRASS) და GeoFacts-ს — იმ მიუღებელი თავდასხმების წინააღმდეგ, რაც სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის თავისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება საქართველოში. ეს ხდება იმ კონტექსტში, როცა ხელისუფლება იღებს სულ უფრო მეტად რეპრესიულ კანონებს, მათ შორის კანონს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიას ე.წ. „უცხოეთის აგენტებად" აცხადებს.
MDF-მა სასამართლოში უკვე გაასაჩივრა გამოძიების დაწყება. სასამართლოდან მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ გამოძიების დაწყების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მედიის თავისუფლების მდგომარეობისა და მედიის უფლებებზე ზეწოლის შესახებ ერთობლივი განცხადებების გამოქვეყნება.
EFCSN-ის წევრი ორგანიზაციები - მითების დეტექტორი (MDF-ის პროექტი), ფაქტ მეტრი (GRASS) და GeoFacts ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ჟურნალისტური მეთოდოლოგიის კუთხით მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. EFCSN მკაცრად გმობს საქართველოს მთავრობის მიერ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ქვეყნის ადმინისტრაციული და სამართლებრივი სისტემის იარაღად გამოყენებას. ჩვენ, ჩვენი წევრების მსგავსად, გავაგრძელებთ დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების უფლებებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვას და ვიბრძოლებთ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარული ტენდენციის წინააღმდეგ.
___
განცხადება ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) ვებგვერდზე.