დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EHPKO
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 12 თებ 2020

კანონპროექტი „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ და მასთან დაკავშირებული საფრთხეები

საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე.

2012 წელს მიღებული კანონის არაეფექტურობამ, გახმაურებულმა კიბერშეტევებმა და თანამედროვე გამოწვევებმა ცხადყო, რომ კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების განახლება ნამდვილად საჭიროა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით: ა) იქმნება სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტურობას; ბ) შეიცავს ინფორმაციულ სისტემებზე და თუ მათში დაცულ პერსონალურ თუ კომერციული სახის ინფორმაციაზე ტოტალური კონტროლის რისკს; გ) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

ა) კანონმდებლობა და ნორმატიული აქტები უნდა ემსახურებოდეს კიბერუსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ შექმნილი კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. მაშინ, როდესაც არ გვაქვს მოქმედი სტრატეგია, და კანონმდებლობაზე მსჯელობა მიმდინარეობს სტრატეგიის არარსებობის ფონზე, დიდი რისკის ქვეშ დგება როგორც სტრატეგიის ასევე კანონის ეფექტური იმპლემენტაციის საკითხი და ზოგადად ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება.

შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (OTA) ხდება ის ორგანო, რომელიც შეითავსებს ერთი მხრივ, უწყებებს შორის მარეგულირებლის, აკრედიტაციის გამტარებლის და აღმასრულებლის, ხოლო, მეორე მხრივ, კონტროლის განმახორციელებელი და ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები.

ასეთი ცენტრალიზებული და დაუბალანსებელი სისტემა შეუძლებელია იყოს ეფექტური და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძალოვანი უწყება, რომელსაც, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, პირდაპირი ინტერესი აქვს, რომ ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა სხვადასხვა ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაზე და იგი ადვილად შეძლებს ამ ინტერესის დაკმაყოფილებას, თუ აღჭურვილი იქნება სამართლებრივი მექანიზმებით, კერძოდ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებით.

კანონპროექტის მიხედვით, დაუბალანსებელი და არათავსებადია მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (DEA) უფლება-მოვალეობები. იკვეთება, კერძო ორგანიზაციების ინფორმაციული სისტემების მართვის პროცესში უხეში და გაუმართლებელი ჩარევის რისკი. ამასთანავე, თუ ბანკები მიჩნეული იქნება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტად მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და ეროვნული ბანკის სახით გვექნება ორი განსხვავებული ბიუროკრატია დუბლირებული ფუნქციებით.

ბ) OTA-ს ექნება პირდაპირი წვდომა საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების, ცალკეული საჯარო უწყებების, მათ შორის ცესკოს, ასევე ეროვნული ბანკის და სატელეკომუნიკაციო სექტორის ინფორმაციულ სისტემებზე და შესაბამისად - არაპირდაპირი წვდომა სისტემებში დაცულ პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციაზე.

კანონპროექტი ქმნის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობას სასამართლოს ნებართვის გარეშე, ხოლო ნორმათა ბუნდოვანება აჩენს პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერად და არაპროპორციულად დამუშავების რეალურ საშიშროებას. შესაბამისად, კანონპროექტი შეიცავს პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევისა და თვალთვალის რისკს.

გ) კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან არსებობს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობის დარღვევის საფრთხე. კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნაა, რომ უფლებაში ჩარევის საფუძვლები განისაზღვროს კანონით და არა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, როგორც გვათავაზობს მოცემული კანონპროექტი. აღსანიშნავია ისიც, რომ OTA-ს უფლებამოსილება ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ზედამხედველობაზე, რაც ინიცირებული კანონპროექტის მსგავსად, იძლევა პირად ცხოვრებაში გაუმართლებლად ჩარევის შესაძლებლობას, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ასობით მოქალაქის მიერ.

გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება ,,ქსელური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტისა და ინფორმაციული სისტემების დაცვის თაობაზე" ევროპული დირექტივის მთელ რიგ პრინციპებს, რომლის გათვალისწინებაც საქართველოსთვის სავალდებულოა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, არ მომხდარა საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კანონპროექტის შემუშავება და პარლამენტში ინიცირება მოხდა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და დაინტერესებულ პირთა, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის, მონაწილეობის გარეშე და შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არ არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი. პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცესში არ არის ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.

მიგვაჩნია, რომ შემუშავებული უნდა იყოს მართვის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის გამჭვირვალობას და ეფექტურობას, რისთვისაც აუცილებელია:
  • „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მომზადების პროცესში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა და პროცესის ღიაობა
  • კანონპროექტის ჰარმონიზაცია კიბერ-უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან
  • ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, რათა მოხდეს საუკეთესო პრაქტიკის საქართველოს რეალობაზე მორგება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვთხოვთ გამართოს საჯარო შეხვედრა, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლების, სფეროს ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, სადაც დეტალურად მიმოვიხილავთ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ხელმომწერები:

საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაცია
Cyber House
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს სამეცნიერო-საგანმათლებლო კომპიტერული ქსელების ასოციაცია (GRENA)
ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ლიბერალური აკადემია
უკან