დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XIHRU
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 22 მარ 2019

MDF: საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

უკანასკნელ დღეებში მედიის განვითარების ფონდის კვლევასთან დაკავშირებით მიმდინარე დისპუტში საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტურ მანიპულაციას მიმართავს და საკითხით დაინტერესებულ რესპონდენტებს უსვამს შეცდომაში შემყვან კითხვას: მიაჩნიათ თუ არა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რუსული პროპაგანდის ნაწილი საქართველოში? მანიპულაციურ კითხვას, ბუნებრივია, მოჰყვება პასუხი, რომელიც ყველანაირად აცდენილია მიმდინარე დისპუტის ლოგიკას, რადგან:
  • მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არსად არ არის შეფასებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი პროდუქტი რუსულ დეზინფორმაციად;
  • კვლევაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები („მოამბე", „ახალი კვირა"), ასევე თოქ-შოუები („კვირის ინტერვიუ", „აქტუალური თემა" მაკა ცინცაძესთან ერთად, „მოამბე" – დღის თემა) პირდაპირი გაშუქებისას, მეტწილად ნეიტრალურად ან პოზიტიურად აშუქებდნენ  ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემატიკას.
  • მაუწყებელს შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, როდესაც საუბრობს მაუწყებლის ერთიან სარედაქციო პოლიტიკაზე მაშინ, როდესაც მონიტორინგის პერიოდში ნეგატიური გაშუქების ტონი მხოლოდ ერთი გადაცემის (42 პარალელი) შემთხვევაში გამოვლინდა; ხოლო ერთადერთი გადაცემა, რომელიც სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით კრემლის და საქართველოში კრემლისტური აქტორების გზავნილებთან რედაქციის პოზიციის ღია თანხვედრაზე საუბრობდა, კვლევაში ბექგრაუნდის სახით იყო მოყვანილი. 
ამდენად, საკითხის ამ სახით წარმოჩინება და შემდეგ საინფორმაციო კამპანიის ამ მანიპულაციაზე აგება, ვფიქრობთ, მიუღებელია. 

დაინტერესებულ საზოგადოებას ვთავაზობთ უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას მედიის განვითარების ფონდის კვლევის არსზე: კვლევა, ერთი მხრივ, უმცირესობათა საინფორმაციო გარემოს, მეორე მხრივ, რუსული ტელეარხების მონიტორინგის შედეგებს და რუსული მედიის გზავნილების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებს შეეხებოდა. კვლევაში ცალკე თავი დაეთმო საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძოდ იმას, თუ რამდენად ასრულებს ის კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების შესახებ. 

სამწუხაროა, რომ კვლევა, რომელიც უმცირესობათა ინფორმირებულობის საკითხს, მათ საინფორმაციო გარემოს და რუსული მედიის გავლენას სწავლობდა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განხილვის საგანი მხოლოდ ერთ-ერთი გადაცემის გაშუქების ნეგატიური ტონის გამო გახდა, რასაც კრიტიკისადმი არაჯანსაღი რეაგირება, საზოგადოებისათვის კვლევის არასწორად და მანიპულაციურად  მიწოდება და რაც მთავარია, მთავარიდან (უმცირესობების ინფორმირება)  აქცენტის უმნიშვნელო საკითხებზე გადატანა მოჰყვა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჟურნალისტის მიერ, თავის საქმიანობაში ნებისმიერი იდეოლოგიის, იქნება ეს მემარცხენე, მემარჯვენე, ლიბერალური თუ ნეოლობერალური, წარმოჩინება არ არის პრობლემა, თუ ის გაწონასწორებულია საპირისპირო ხედვით და პოზიციით. პრობლემა არის ის, რომ "42-ე პარალელის” სიუჟეტებში პოლიტიკური მოვლენები დანახული იყო მხოლოდ ერთი და ერთობ სადავო პოზიციიდან. სწორედ ეს იყო მონიტორინგის მიერ ნეგატიურ ტონალობად შეფასების საფუძველი.
 
მიმდინარე კამპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საკითხის მანიპულაციური გაშუქებით, არამედ ამ პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა სახელისუფლებო ტროლები და ონლაინ გამოცემები, რომლებიც კვლევის ერთ პასაჟს მთელი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე დაუსაბუთებლად განაზოგადებენ და რუსულ პროპაგანდაში ბრალდებად ნათლავენ, სოციალურ ქსელში ვრცელდება დაფინანსებული მასალები და ამავე დროს ამ თემას სახელისუფლებო ექსპერტების ათობით კომენტარი ეთმობა. 

იმედს გამოვთქვამთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საკითხს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული პროფესიული სტანდარტების ჩარჩოში მოაქცევს, რაც მას საკითხის დაბალანსებულ გაშუქებას ავალდებულებს და თავის ძალისხმევას კვლევის იმ რეკომენდაციების განხორციელებას მოახმარს, რომელიც მას ეთნიკური უმცირესობების ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმირებას ავალდებულევს. 

ამავე დროს, მოხარულები ვართ, რომ ეს თემა, საჯარო ინტერესის საგანი გახდა.
უკან