დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BLAQD
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 21 მარ 2018

სამოქალაქო პლატფორმაში “არა-ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რუსთავი 2-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ვეხმაურებით 19 მარტს რუსთავი 2-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იქონიონ მკაცრი პოლიტიკა ნებისმიერი იმ ქმედების მიმართ, რომელიც შეიცავს ძალადობას, მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის „ქართული მარშის" წევრების მიერ განხორციელებული აგრესიის პირველი შემთხვევა მათთვის მიუღებელი აზრის წინააღმდეგ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მათი მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებები და თებერვალში დაანონსებული ე.წ. სახალხო პატრულის შემოღების ინიციატივა ცხადჰყოფს, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ ნებისმიერი მათთვის მიუღებელი ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას და ეცდებიან განსხვავებული აზრის დანაშაულებრივი გზით ჩახშობას.

ამდენად, რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოვლენილი აგრესიის კიდევ ერთი აქტი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმთან ბრძოლის კონკრეტული პოლიტიკის დასახვის საჭიროებას, რომელიც მიმართული იქნება ერთი მხრივ ამგვარი დანაშაულებრივი შემთხვევების დროული აღკვეთისა და შესაბამისი პირების მკაცრად დასჯისკენ, მეორე მხრივ კი ასეთ შემთხვევათა პრევენციისაკენ.

აღსანიშნავია, რომ საჯაროდ გავრცელებულ მასალაში, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომლებზე თავდასხმას ასახავს, იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. მათ შორის აღნიშვნის ღირსია სსკ-ის 143-ე მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), ასევე სსკ-ს 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, თუმცა შსს-მ გამოძიება მხოლოდ სსკ-ს 126-ე (ძალადობა) და 187-ე (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება)მუხლებით დაიწყო. ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, ე.წ. ქართული მარშის აქტივსტები დაკავებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. აქვე მისასალმებელია 21 მარტს, შსს-ს მიერ ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით (სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა” ქვეპუნქტი) ლადო სადღობელაშვილის და სხვა 4 პირის დაკავება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ე.წ. "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” თავიდან აცილების მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. გამოხატვის თავისუფლების ძირითად არსს წარმოადგენს სწორედ შესაძლებლობა, გვქონდეს მათ შორის კრიტიკული, შოკისმომგვრელი და თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვის უფლება. რელიგიური გრძნობები კი (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სუბიექტური და ინდივიდუალურია) არ და ვერ იქნება ის საფუძველი, რომელიც გაამართლებს ამგვარ შეზღუდვას. ნებისმიერი ასეთი მცდელობა ახალისებს „ინკვიზიციური" წარსულის აღდგენას, რომელიც აუცილებლად იქონიებს მსუსხავ ეფექტს საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის არსებობაზე.[1]

ძალადობის, შეუწყნარებლობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება ახალისებს ექსტრემისტულ ჯგუფებსა და დანაშაულებრივ ქმედებებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ აწარმოოს დროული და ობიექტური გამოძიება, მოახდინის დანაშაულის ზუსტი კვალიფიკაცია, გამოიყენოს ადეკვატური სასჯელი ყველა იმ პირის მიმართ ვისი ბრალეულობაც იკვეთება, დაიცვას მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

ასევე, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, შეხვდეს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და გააცნოს, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო სიძულვილით მოტივირებული (და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული) დანაშაულების წინააღდეგ საბრძოლველად და მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარ დანაშაულებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საფარი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)



[1] ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის დასჯადობასთან დაკავშირებით პლატფორმა „არა-ფობიას" პოზიცია უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე http://gdi.ge/ge/news/samoqalaqo-platformis-ara-fobias-gancxadeba-religiuri-grdznobebis-sheuracxyofis-dasdjadobis-shesaxeb-kanonproeqtis-taobaze.page

უკან