დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NXJZW
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 16 მაი 2017

MDF-ის მიმართვა მედია საშუალებებს

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი 17 მაისს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევას და მათ სტიგმატიზაციას აპროტესტებს. საქართველოში გასული წლების გამოცდილებამ, კერძოდ 2013 წლის 17 მაისის მანიფესტაციისას აქციის მონაწილეებზე თავდასხმამ და აქციის ძალადობრივად, უკანონოდ დაშლამ, ასევე მომდევნო წლებში ლგბტ თემისთვის უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ აჩვენა, თუ რამდენად მარტივია ქართულ საზოგადოებაში არატოლერანტობის სიძულვილისა და შუღლის  გაღვივება. 

ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გაღვივებაში სხვადახვა აქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია მედიის როლიც. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული დისკრიმინაციული გამოხატვებიდან (868) ყველაზე დიდი წილი 52% (454) ჰომოფობიური ხასიათის იყო. აღნიშნულ თემაზე დისკუსიის აუცილებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ სტანდარტის დაცვა, რომელიც უზრულველჰყობს მედიის მიერ თემის გაშუქებისას ძალადობრივი და დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელებისა და საზოგადოებაში შუღლის გაღვივების პრევენციას. 

ეთიკური ჟურნალისტიკის ქსელმა (EJN) საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შეიმუშავა 5 პუნქტიანი ტესტი სიძულვილის ენის შესახებ, რომელიც მედიის მხრიდან საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების პრევენციას ემსახურება.  ეთიკური ჟურნალისტიკის ქსელი მოუწოდებს ჟურნალისტებს, თემის გაშუქებისას ხუთ პუნქტიანი გეგმის მიხედვით შეაფასონ თუ რამდენად ღირებულია, რა საფრთხეების მატარებელია ჰომოფობიური ტრანსფობიური  განცხადებების გავრცელება, და რა მიზნებს ემსახურება ის. მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებს ჟურნალისტებს 17 მაისის მოვლენები აღნიშნული სტანდარტის გათვალისწინებით, ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორმების დაცვით გააშუქონ, რათა არ შეუწყონ ხელი საზოგადოებაში თემის მიმართ არსებული შუღლის გაღვივებას.  

სიძულვილის ენის ხუთ პუნქტიანი ტესტი: 

  1. სტატუსი: მხოლოდ იმიტომ, რომ რესპონდენტის მიერ გაკეთებული განცხადება პროვოკაციული ხასიათისაა, ავტომატომატურად არ მიუთითებს ამ განცხადების მნიშვნელობაზე.  გასათვალიწინებელია აღნიშნული განცხადების ავტორის სტატუსი, არის თუ არა პიროვნება არჩეული საჯარო მოხელე? არის თუ არა ის საზოგადოებრივი აზრის ლიდერი? აქვს თუ არა ამ პიროვნების მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის პოტენციალი? 
  2. კონტენტი: მეორე პუნქტი განცხადების კონტენტის ანალიზს ითვალისწინებს, არის თუ არა აღნიშნული განცხადება პროვოკაციული ხასიათის, გამოყენებულია თუ არა სიძულვილის ენა და გამოიწვევს თუ არა აღნიშნული განცხადება სიძულვილის გღვივებას საზოგადოებაში?
  3. მიზანი: მესამე პუნქტი განცხადების ავტორის მიზნების გაანალიზებას გულისხმობს. ისახავს თუ არა ეს პიროვნება მიზნად სიძულვილის გაღვივებასა და ძალადობის წახალისებას მოწყვლადი ჯგუფების  მიმართ.
  4. კონტექსტის ანალიზი: მეოთხე პუნტქი იმ სოციალურ პოლიტიკური კონტექსტის ანალიზს ეხება, რომელშიც პროვოკაციული შინაარსის განცხადებებისა  და სიძულვილის ენის გამოყენება ხდება, მაგალითისთვის  როდესაც საქმე ეხება საზოგადოებაში გავრცელებულ შიშებს, საზოგადოებისთვის  სენსიტიურ საკითხებს მსგავსი განცხადება მარტივად შეიძლება გახდეს ძალადობის წამახალისებელი ფაქტორი
  5. გავრცელების გზები - პლატფორმა: მეხუთე პუნქტი განცხადების გავრცელების მეთოდს ეხება, გამოყენებული თუა არა პლატფორმა, რომელიც  მაქსიმალურად დიდ გავლენას მოახდენს საზოგადოების  იმ ჯგუფებზე რომელთათვის განკუთვნილია აღნიშნული განცხადების  შინაარსი. 

საქართველოს კანონმდებლობით სიძულვილის ენა კრიმინალიზებული არ არის, იმ შემთხვევების გარდა, როცა ის მყისიერ, გარდაუვალ და აშკარა ძალადობის საფრთხეს ჰქმნის. სიძულვილის ენაზე პროგრამული შეზღუდვები მხოლოდ მაუწყებლების შემთხვევაში არის დადგენილი: მაუწყებლობის შესახებ კანონის 56.3 მუხლის თანახმად: 

„იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცჰყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას"

სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვა გათვალისწინებულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსშიც. კერძოდ:

"მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე” (მუხლი 31), ასევე "მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის, გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება” (მუხლი 33).

უკან