ანტიკორუფციულ ბიუროს უფროსს
ბატონ რაჟდენ კუპრაშვილს
info@acb.gov.ge
სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს 2025 წლის 18 ივნისის N 00009923 წერილის საპასუხოდ
თქვენი 2025 წლის 18 ივნისის N 00009923 წერილის საპასუხოდ, რომელიც ეხება ინფორმაციის გამოთხოვას ააიპ „მედიის განვითარების ფონდიდან" (შემდგომში: ფონდი), კომერციული ბანკებიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდისთვის, გაცნობებთ შემდეგს:
მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის, დაფინანსებისა და გუნდის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mdfgeorgia.ge. ჩვენი საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების შესაბამისად, გიზიარებთ ჩვენი ვებ-გვერდის ბმულებს, სადაც განთავსებულია აღნიშნული ინფორმაცია:
ინფორმაცია ჩვენს ხელთ არსებული ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებზე: გაცნობებთ, რომ როგორც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია, ვალდებულები ვართ, დავიცვათ როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების საიდუმლოებას, მათ შორის, ჟურნალისტის, სტუდენტის, მოსწავლის, მასწავლებლის ადვოკატისა და სხვა სპეციალური ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
ჩვენი თანამშრომლებისა და პარტნიორების გარდა, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეეხება ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართული პირებს, მათ შორის მოზარდებს. ასეთი ადამიანების პერსონალური მონაცემებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი სხვა ცნობების ბიუროსთვის გადაცემა იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სხვა არაერთი ნორმის უხეში დარღვევა, რომლებიც უზრუნველყოფს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას, პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობას და ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალობას.
ამასთან, ჩვენ მყარად მივიჩნევთ, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" და ნებისმიერი სხვა კანონმდებლობა, რომელიც მასტიგმატიზებელი და შეურაცხმყოფელი იარლიყებით მოიხსენიებს ადამიანთა საზოგადოებრივ ერთობას, აუქმებს მათში მომუშავე და მესამე პირების პირადი ინფორმაციის დაცულობას, და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეჩერებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს.
ამის გამო, ჩვენ მსგავსი კანონმდებლობა (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - რუსული კანონი) ჯერ კიდევ 2024 წელს გავასაჩივრეთ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ანალოგიურად, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" და ჩვენ ვასაჩივრებთ მას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც. ჩვენ მივმართავთ ყველა სამართლებრივ ზომას და გავასაჩივრებთ ყველა კანონს, რომელიც მიზნად საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას დაისახავს.
თამარ კინწურაშვილი
აღმასრულებელი დირექტორი