დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
TTFZH
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 06 თებ 2012

კულტურის საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში

მედიის განვითარების ფონდი წარმოგიდგენთ მონიტორინგის შედეგებს თემაზე: კულტურის საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში. მონიტორინგი ჩაატარა ჟურნალისტმა ნინო კვირიკაშვილმა პროექტის „მედია მონიტორინი - პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო". მოცემული ნაშრომი წარმოადგენს 2011 წლის 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე პერიოდში გამოქვეყნებული სტატიებისა და სიუჟეტების ანალიზს კულტურის თემებზე.

გაანალიზებული იყო გაზეთებში - „რეზონანსი", „კვირის პალიტრა" და „24 საათი" გამოქვეყნებული პუბლიკაციები. ასევე ტელევიზიების - რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი, მაესტრო და კავკასიაზე მთავარ გამოშვებებში გასული სიუჟეტები.
გამოქვეყნებული მასალების გასაანალიზებლად გამოყენებული იყო შემდეგი კრიტერიუმები: საკითხის მნიშვნელოვნება; სიზუსტე, ბალანსი, წყაროების რაოდენობა და სპეციფიკაცია, წერის სტილი, მასალის სტრუქტურა, ციტატები, ლიდი, ვიზუალური მასალის შესაბამისობა.

კვლევამ აჩვენა, რომ ქართული მედია, ერთის მხრივ, კულტურის საკითხებისადმი დიდ ინტერესს ავლენს, თუმცა, საკითხების სპექტრის, მრავალფეროვნების და ჟურნალისტიკის სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით მრავალ ხარვეზს შეიცავს. მაგალითად, თემატიკა ხშირად აბსოლუტურად ერთფეროვანია - ხშირია თემების დამთხვევა, (მოამბის, კურიერის და ქრონიკის მაგალითზე), ზოგჯერ არა თუ მარტო თემის, მთლიანად სიუჟეტები იმეორებენ ერთი მეორეს. ვხვდებით სხვადასხვა არხებზე გასულ სიუჟეტებში ერთსა და იმავე რესპოდენტებს, ერთსა და იმავე სინქრონებს და ხშირად კადრებსაც კი.

ზოგადად, კვლევამ აჩვენა, რომ სატელევიზიო სიუჟეტები უფრო დაბალანსებულია და ერთგავარად უფრო ახლოსაა პროფესიულ სტანდარტებთან, ვიდრე საგაზეთო პუბლიკაციები. თუმცა, ამავე დროს - ტელემედიაში, პრესისგან განსხვავებით, პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი კულტურის პრობლემების განხილვა და ანალიზი;

ამასთან, ორივე შემთხვევაში ვხვდებით ერთსა და იმავე პრობლემას – წყარო არის ხშირად ნაკლებად სარწმუნო, ჟურნალისტები საუბრობენ თითქმის ერთი და იგივე ტექსტებით, ხშირად ადგილი აქვს პროპაგანდას და არა ჟურნალისტიკას (ეს ძირითადად ტვ–ს ეხება) და არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტი მიკერძოებულია (ეს ეხება როგორც ტვ–ს, ასევე პრესასაც). ორივეგან ვხვდებით ასევე საკითხის ნაკლებად ჩაღრმავების პრობლემას და სკანდალურ ტონს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებისგან ქართული ჟურნალისტიკის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შორსაა.

დეტალური ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში.



კულტურის საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში
უკან