დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
IRPLL
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

მედიის განვითარების ფონდის (MDF) ქცევის კოდექსი


მედიის განვითარების ფონდის ყველა თანამშრომელი, ფონდთან დაკავშირებული ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს მედიის განვითარების ფონდისათვის ან მისი სახელით, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას უნდა მოქმედებდეს კანონის დაცვით, კეთილსინდისიერად, ეთიკურად და ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 

სამუშაო სივრცის პატივისცემა

მედიის განვითარების ფონდის ყველა თანამშრომელი პატივს უნდა სცემდეს კოლეგებს. პერსონალური ურთიერთობებისას ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაცია ან შევიწროვება დაუშვებელია. 

პროფესიონალიზმი

სამუშაო სივრცეში ყველა თანამშრომელი კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს უნდა ავლენდეს. თანამშრომლები სამსახურეობრივ მოვალეობას ბენეფიციარებისა და საზოგადოების მიმართ პატივისცემის პრინციპის დაცვით, პროფესიონალურად და დროულად უნდა ასრულებდნენ. მენეჯმენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად არ უნდა გამოიყენოს. 
თანამშრომლები უნდა ცდილობდნენ, არ შეუშალონ ხელი სამუშაო პროცესს ან შეაფერხონ კოლეგების მუშაობა. 
თანამშრომლები უნდა იცავდნენ სამუშაო განრიგს.  დადგენილი სამუშაო საათებიდან გამონაკლისის დაწესება დასაქმებულსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთშეთანხმებით ხდება. 

ორგანიზაციის საკუთრების დაცვა

ყველა თანამშრომელი ვალდებულია, მედიის განვითარების ფონდის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას პატივისცემითა და მზრუნველობით მოეპყრას. მათ არ უნდა გამოიყენონ ორგანიზაციის კუთვნილი აღჭურვილობა არადანიშნულებისამებრ და პატივი უნდა სცენ ყველა ტიპის არამატერიალურ სიკეთეს, მათ შორის სასაქონლო ნიშანს, საავტორო უფლებებს, ანგარიშებს და მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამშრომლები მათ უნდა იყენებდნენ მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალოებების შესრულების მიზნით.  

კონფიდენციალური ინფორმაცია 

მედიის განვითარების ფონდის სამსახურეობრივი ინფორმაცია ღირებული აქტივია, რომელსაც ყველა უნდა გაუფრთიხლდეს. ორგანიზაციაში დასაქმებული პირები ვალდებულები არიან, გამოიყენონ ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისათვის და მკაცრად დაიცვან ამგავრი ინფორმაციის  კონფიდენციალურობა. აღნიშნული დებულება ვრცელდება გაუვრცელებლობის შეთანხმების საფუძველზე მესამე პირისგან მიღებულ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. 

ინტერესთა კონფლიქტი

თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ნებისმიერ პირად, ფინანსურ, პოლიტიკურ ან სხვა ტიპის ინტერესს, რომელსაც  შეუძლია, ხელი შეუშალოს მედიის განვითარების ფონდის საქმიანობას და თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას ან ნებას. თანამშრომლები არ უნდა ახდენდნენ არც ერთი პოლიტიკოსის ადვოკატირებას და არ უნდა იყვნენ ჩართულები მხარდამჭერ კამპანიაში. 

პოლიტიკის დოკუმენტები

ყველა თანამშრომელი ვალდებულია, გაეცნოს მედიის განვითარების ფონდის პოლიტიკის დოკუმენტებს და იმოქმედოს მათ შესაბამისად. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში თანამშრომლებმა უნდა მიმართონ ადმინისტრაციას.